ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება
აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, შაბათ დღეს, ეკლესია ლაზარეს
შაბათს აღნიშნავს.
ლაზარე უფლის მეგობარი იყო. იგი იერუსალიმის ახლოს მდებარე
ქალაქ ბეთანიაში ცხოვრობდა თავის დებთან - მართასთან და მარიამთან ერთად. ერთხელ ლაზარე
ავად გახდა. მისმა დებმა შეატყობინეს იესოს ძმის ავადმყოფობის ამბავი. იესოს ძალიან
უყვარდა ლაზარე, მართა და მარიამი, რადგან ისინი განსაკუთრებულად მორწმუნე ადამიანები
იყვნენ. მაცხოვარი ჩავიდა ბეთანიაში, მაგრამ მაშინ როდესაც ლაზარე სამი დღის გარდაცვლილი
იყო.
ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება (ტიხრული მინანქარი) ხატი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში |
იესოს ჯერ მართა შეეგება და უთხრა, შენ რომ აქ ყოფილიყავი,
ჩემი ძმა არ მოკვდებოდაო. ქრისტემ კი უპასუხა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვისაც
ჩემი სწამს, რომ მოკვდეს, მაინც იცოცხლებსო.“ მართამ საოცარი რწმენა გამოიჩინა, მან
აღიარა იესო, როგორც ღმერთის ძე და საკუთარ დას - მარიამსაც დაუძახა, რომ უფალთან მოსულიყო.
მაცხოვარი მივიდა ლაზარეს აკლდამასთან. ხალხის წინაშე
მოითხოვა, აკლდამის შესასვლელიდან ლოდი გადაეგორებინათ და ხმამაღლა დაიძახა: „ლაზარე,
გამოდი!“
სამარხიდან მკვდრეთით აღმდგარი, სუდარაში გახვეული ლაზარე
გამოვიდა. ამ სასწაულის მხილველმა უამრავმა ადამიანმა ირწმუნა ქრისტე.
„ლაზარეს აღდგინების“ ხატზე სწორედ ეს მომენტია გამოსახული.
ლაზარე უფალმა აღადგინა მიწაზე ცხოვრების გასაგრძელებლად. იესო ქრისტეს ზეცაში ამაღლების
შემდეგ იგი კუნძულ კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა.
ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებიდან რამოდენიმე დღეში უფალი
ჯვარს აცვეს და მოკლეს. თუმცა უფალი თვითონვე აღდგა მკვდრეთით. აღდგომის ხატზე გამოისახება
მაცხოვრის ცარიელი საფლავი, რომელშიც მხოლოდ სუდარები, მიცვალებულთა სახვევებია დარჩენილი.
უფალი ზეცაში ცხოვრების გასაგრძელებლად აღდგა.
სუდარაში შეხვეული ლაზარე იმას გამოხატავს, რომ ადამიანი
მიწაზე ცოდვებით არის შეკრული. ცოდვები კი გვზღუდავს და ხელს გვიშლის კეთილი საქმეების
კეთებაში, უფლისკენ სავალ გზაზე სიარულში.
იესო ქრისტე კი ცოდვებისგან სრულიად თავისუფალია, ამიტომ
იგი ამარცხებს სიკვდილს და თავისუფლად გამოდის საფლავიდან. უფალი არაფრით არ არის შეზღუდული,
მას არაფერი უშლის ხელს.
უფალი ისევე აღადგენს მკვდრეთით თითოეულ მასთან ყოფნის
მსურველ ადამიანს, როგორც ლაზარე აღადგინა მკვდრეთით. ის მკვდრეთით აღადგენს ადამიანს,
ოღონდ არა მიწაზე ცხოვრების გასაგრძელებლად, არამედ იმისთვის, რომ ღმერთს თავისთან
ჰყავდეს თითოეული ადამიანი მარადიულად ცათა სასუფეველში.
No comments:
Post a Comment