კვირაცხოვლობა - თომას კვირა
აღდგომის შემდეგ კვირას მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას
ზეიმობს.
წმიდა თომა მოციქულის დარწმუნება, მე-12 საუკუნის მინიატურა |
კვირაცხოვლობა არის აღდგომის დღესასწაულის განახლება.
ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. სწორედ ამიტომ ვიკრიბებით
ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე. ძველი ქრისტიანები ყოველ კვირა
დღეს ერთმანეთს სააღდგომო მისალმებით ხვდებოდნენ: „ქრისტე აღდგა!“ – „ჭეშმარიტად!“
კვირაცხოვლობას სხვაგვარად თომას კვირასაც უწოდებენ.
სახარებაში აღწერილია, თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის
მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები. როდესაც ეს შეიტყო თომამ, რომელიც ამ შეხვედრას
არ ესწრებოდა, გული დაწყდა და თქვა, ვიდრე ჩემი თვალით არ ვიხილავ იესო ქრისტეს, მანამ
არ დავიჯერებ მის აღდგომასო.
აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი
კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ახლა უკვე თომას თანდასწრებით. მაცხოვარმა უჩვენა თომას
თავისი ჭრილობები და იარებზე შეხების ნება დართო.
თომა მოციქული მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა იესოს და
თქვა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი.“ იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულად
აღიარა იესო ქრისტეს ღმრთაებრივი და კაცობრივი ბუნება.
მაცხოვარმა უპასუხა: „შენ იხილე და ირწმუნე, თომა. ნეტარ
იქნებიან ისინი ვისაც არ უხილავს და იწამა.“
მაცხოვრის ეს სიტყვები გვეხება ჩვენ. მის შემდგომ ქრისტიანებს
უფალმა ეს რწმენა და აღთქმული ნეტარება მოგვმადლა. ღვთისმოსავ ადამიანს წინ დიდი სიხარული
ელის. ამ სიხარულის განცდას მით მეტად შევძლებთ, რაც უკეთ მოვემზადებით მის შესახვედრად
მარხვითა და ლოცვით.