ჯოჯოხეთის წარმოტყვენვა

ჯოჯოხეთის წარმოტყვენვა

Friday, May 6, 2016


კვირაცხოვლობა - თომას კვირა


აღდგომის შემდეგ კვირას მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას ზეიმობს.
წმიდა თომა მოციქულის დარწმუნება, მე-12 საუკუნის მინიატურა
კვირაცხოვლობა არის აღდგომის დღესასწაულის განახლება. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. სწორედ ამიტომ ვიკრიბებით ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე. ძველი ქრისტიანები ყოველ კვირა დღეს ერთმანეთს სააღდგომო მისალმებით ხვდებოდნენ: „ქრისტე აღდგა!“ – „ჭეშმარიტად!“
კვირაცხოვლობას სხვაგვარად თომას კვირასაც უწოდებენ. სახარებაში აღწერილია, თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები. როდესაც ეს შეიტყო თომამ, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, გული დაწყდა და თქვა, ვიდრე ჩემი თვალით არ ვიხილავ იესო ქრისტეს, მანამ არ დავიჯერებ მის აღდგომასო.
აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ახლა უკვე თომას თანდასწრებით. მაცხოვარმა უჩვენა თომას თავისი ჭრილობები და იარებზე შეხების ნება დართო.
თომა მოციქული მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა იესოს და თქვა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი.“ იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულად აღიარა იესო ქრისტეს ღმრთაებრივი და კაცობრივი ბუნება.
მაცხოვარმა უპასუხა: „შენ იხილე და ირწმუნე, თომა. ნეტარ იქნებიან ისინი ვისაც არ უხილავს და იწამა.“
მაცხოვრის ეს სიტყვები გვეხება ჩვენ. მის შემდგომ ქრისტიანებს უფალმა ეს რწმენა და აღთქმული ნეტარება მოგვმადლა. ღვთისმოსავ ადამიანს წინ დიდი სიხარული ელის. ამ სიხარულის განცდას მით მეტად შევძლებთ, რაც უკეთ მოვემზადებით მის შესახვედრად მარხვითა და ლოცვით.   


Monday, May 2, 2016

ბრწყინვალე შვიდეული

აღდგომის დღესასწაული ერთი კვირის მანძილზე გრძელდება. ამ კვირას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება. მისი თითოეული დღე განსაკუთრებული სიხარულით არის აღსავსე.
ტრადიციულად ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ვიხსენიებთ მიცვალებულებს, გავდივართ საფლავებზე, მაგრამ ამჯერად ჩვენ მათ ვიხსენიებთ არა იმიტომ, რომ განშორება ვიგლოვოთ, არამედ იმიტომ, რომ ვახაროთ: „ქრისტე აღდგა! თავისი სიკვდილით დათრგუნა სიკვდილი და საფლავებსა შინა სიცოცხლე მიანიჭა!“
ასე რომ, თუ ადამიანს სწამს ღმერთი, სწამს, რომ ის აღდგა და სიკვდილი განაქარვა, მისთვის ამ სადღესასწაულო დღეებში მიცვალებულის დატირება და გლოვა დიდი ცოდვაა. განშორების მწუხარება, რომელიც მარად ჩვენს გულშია, ამ დღეს ძალზე თავშეკავებულად უნდა გამოიხატოს, რადგან მას ცვლის დიდი სულიერი სიხარული და განცდა კვლავ შეხვედრის უეჭველობისა.
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს, განსაკუთრებული წესით სრულდება საეკლესიო მსახურებები. იცვლება მისალმების წესიც: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას „გამარჯობას“ ნაცვლად ერთმანეთს ახარებენ: „ქრისტე აღდგა!“ – „ჭეშმარიტად!“

აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ დგას პატარა მაგიდა საგანგებოდ გამომცხვარი პურით, რომელსაც არტოსი ეწოდება. ამ სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსხვავებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს.
აღდგომის სწორს - კვირაცხოვლობას, არტოსი მცირე ნაწილებად დაიჭრება და მორწმუნეებს დაურიგდება. ჩვენ ეს ნაჭერი უფრო მცირე ნაწილებად უნდა დავყოთ და მთელი წელი ვიმყოფინოთ: ავადმყოფობის ან სხვა განსაცდელის ჟამს უნდა მივიღოთ, როგორც სულიერი წამალი საკურნებელად სულისა და ხორცისა. არტოსი უნდა შევინახოთ წმინდა ადგილას.



„მოველი აღდგომასა მკვდრეთით...“

 იესო ქრისტეს აღდგომა ყველაზე სასიხარულო ამბავია, რაც მთელს სამყაროში მომხდარა. 

ჯოჯოხეთის წარმოტყვენვა, ქუთაისის სახელწმიფო მუზეუმი
აღდგომამდე ყველა ადამიანი, მთელის სამყარო სიკვდილის სამეფოს ტყვე იყო. ქრისტემ კი თავისი ჯვარცმითა და აღდგომით დაამარცხა სიკვდილი და ამ საშინელი ბოროტი ძალისაგან გაგვათავისუფლა. როგორ განა ადამიანები აღარ კვდებიან? - იკითხავთ თქვენ. დიახ, ყველა ადამიანი ოდესღაც მაინც გაივლის სიკვდილის სამეფოს, მაგრამ ის აღარ არის მისი ტყვე, მისი მონა. მას შეუძლია თავი დააღწიოს ამ ბნელ სამეფოს, მას შეუძლია მკვდრეთით აღდგეს, რადგან ამ სამეფოს გალავანი და დახშული კარი ქრისტეს მიერ „დაირღვა“.
მართლმადიდებელ ეკლესიაში გვაქვს ხატი, სადაც მაცხოვარი სწორედ ჯოჯოხეთის შემტვრეულ კარზე დგას. ქრისტე მარტო არ არის, მას საფლავებიდან ადამი და ევა ამოჰყავს. აქვე არიან ძველი აღთქმის მართალი ადამიანები - მეფეები, წინასწარმეტყველები, მღვდემთავრები. ეს ნიშნავს, რომ ქრისტე მარტო თვითონ კი არ აღდგა, არამედ ჩვენც, ადამიანებს მოგვცა სიკვდილზე გამარჯვების ძალა.
ალბათ, იფიქრებთ - როგორ შეიძლება მართალი ადამიანები ჯოჯოხეთში მოხვედრილიყვნენ? ადამმა და ევამ უარი თქვეს ღმერთთან ერთად ცხოვრებაზე, ამიტომაც გაბატონდა მიწაზე სიკვდილის სამეფო - ჯოჯოხეთი (ჯოჯოხეთი არის უღმერთოდ ცხოვრება), სამოთხე, სასუფეველი (სასუფეველია იქ, სადაც ღმერთია; სადაც იესო ქრისტეა, იქ არის სინათლეც, სიკეთეცა და სიყვარულიც) კი დაიკეტა, ამიტომ ყველა გარდაცვლილი ადამიანი ქრისტეს აღდგომამდე ჯოჯოხეთში იმყოფებოდა და მოუთმენლად ელოდა იმ წუთს, როდესაც გაიღებოდა სამოთხის კარი მათთვის.

ხატზე ადამსა და ევას ხელები ქრისტესაკენ აღუპყრიათ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ინანიებენ თავიანთ ცოდვას და მხოლოდ უფლისაგან ელიან პატიებას, შველას. იმისათვის, რომ ღმერთმა აღგვადგინოს, საჭიროა არა მხოლოდ ქრისტეს მოწყალება და სიყვარული ჩვენდამი, არამედ ჩვენი სინანული ჩვენივე ცუდ საქციელთა გამო.

წმიდა მენელსაცხებლე დედები უფლის საფლავთან
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
 სხვა ხატზე გამოსახულია ქრისტეს საფლავი. სამარხთან უფლის მოწაფე ქალები მოსულან. ისინი არ შეუშინდნენ საფლავის მცველ ჯარისკაცებს, არ შეუშინდნენ შეპყრობას და ნელსაცხებლები, ანუ სურნელოვანი ზეთები მიიტანეს, რათა ძველი წესის მიხედვით, თავიანთი გარდაცვლილი მოძღვრისთვის ეცხოთ. იქვე ქრისტეს აკლდამიდან გადაგორებულ ლოდზე ანგელოზი დახვდათ. ანგელოზი მენელსაცხებლე დედებს (ეკლესიაში ასე უწოდებენ ხატზე გამოსახულ ამ ქალებს) მიანიშნებს, რომ საფლავი ცარიელია და ახარებს, რომ ქრისტე მკვდრეთით აღდგა.
ქრისტეს აღდგომა არავის უნახავს. ადამიანის თვალი ვერ აღწევს უზარმაზარი ლოდით ჩაგმანულ კლდის სამარხში, სადაც ჯვარცმის შემდეგ დაასვენეს ქრისტე. ადამიანის გონებას არ შეუძლია, გაიგოს, როგორ მოხდა აღდგომის უდიდესი საიდუმლო. თუმცა ის, რაც თვალსა და გონებას არ ძალუძს, ადამიანის გულს შეუძლია. ჩვენ ათასწლეულების შემდეგაც კი გულით განვიცდით სიხარულს იმისა, რომ ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა!


Saturday, April 23, 2016


ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება

აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, შაბათ დღეს, ეკლესია ლაზარეს შაბათს აღნიშნავს.

ლაზარე უფლის მეგობარი იყო. იგი იერუსალიმის ახლოს მდებარე ქალაქ ბეთანიაში ცხოვრობდა თავის დებთან - მართასთან და მარიამთან ერთად. ერთხელ ლაზარე ავად გახდა. მისმა დებმა შეატყობინეს იესოს ძმის ავადმყოფობის ამბავი. იესოს ძალიან უყვარდა ლაზარე, მართა და მარიამი, რადგან ისინი განსაკუთრებულად მორწმუნე ადამიანები იყვნენ. მაცხოვარი ჩავიდა ბეთანიაში, მაგრამ მაშინ როდესაც ლაზარე სამი დღის გარდაცვლილი იყო. 
ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება (ტიხრული მინანქარი)
ხატი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
იესოს ჯერ მართა შეეგება და უთხრა, შენ რომ აქ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდაო. ქრისტემ კი უპასუხა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვისაც ჩემი სწამს, რომ მოკვდეს, მაინც იცოცხლებსო.“ მართამ საოცარი რწმენა გამოიჩინა, მან აღიარა იესო, როგორც ღმერთის ძე და საკუთარ დას - მარიამსაც დაუძახა, რომ უფალთან მოსულიყო.
მაცხოვარი მივიდა ლაზარეს აკლდამასთან. ხალხის წინაშე მოითხოვა, აკლდამის შესასვლელიდან ლოდი გადაეგორებინათ და ხმამაღლა დაიძახა: „ლაზარე, გამოდი!“  
სამარხიდან მკვდრეთით აღმდგარი, სუდარაში გახვეული ლაზარე გამოვიდა. ამ სასწაულის მხილველმა უამრავმა ადამიანმა ირწმუნა ქრისტე.
„ლაზარეს აღდგინების“ ხატზე სწორედ ეს მომენტია გამოსახული. ლაზარე უფალმა აღადგინა მიწაზე ცხოვრების გასაგრძელებლად. იესო ქრისტეს ზეცაში ამაღლების შემდეგ იგი კუნძულ კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა.
ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებიდან რამოდენიმე დღეში უფალი ჯვარს აცვეს და მოკლეს. თუმცა უფალი თვითონვე აღდგა მკვდრეთით. აღდგომის ხატზე გამოისახება მაცხოვრის ცარიელი საფლავი, რომელშიც მხოლოდ სუდარები, მიცვალებულთა სახვევებია დარჩენილი. უფალი ზეცაში ცხოვრების გასაგრძელებლად აღდგა.
სუდარაში შეხვეული ლაზარე იმას გამოხატავს, რომ ადამიანი მიწაზე ცოდვებით არის შეკრული. ცოდვები კი გვზღუდავს და ხელს გვიშლის კეთილი საქმეების კეთებაში, უფლისკენ სავალ გზაზე სიარულში.
იესო ქრისტე კი ცოდვებისგან სრულიად თავისუფალია, ამიტომ იგი ამარცხებს სიკვდილს და თავისუფლად გამოდის საფლავიდან. უფალი არაფრით არ არის შეზღუდული, მას არაფერი უშლის ხელს.
უფალი ისევე აღადგენს მკვდრეთით თითოეულ მასთან ყოფნის მსურველ ადამიანს, როგორც ლაზარე აღადგინა მკვდრეთით. ის მკვდრეთით აღადგენს ადამიანს, ოღონდ არა მიწაზე ცხოვრების გასაგრძელებლად, არამედ იმისთვის, რომ ღმერთს თავისთან ჰყავდეს თითოეული ადამიანი მარადიულად ცათა სასუფეველში. 


Monday, November 23, 2015


გიორგობის დღესასწაული


წმიდა დიდმოწამე გიორგი
მე-15 საუკუნის ტიხრული მინანქარი
 წმიდა გიორგი მესამე საუკუნეში კაბადოკიის ქვეყანაში ცხოვრობდა. როგორც ცნობილია, იგი წმიდა ნინოს ნათესავი იყო. წმიდა გიორგი დიდგვაროვანი ოჯახის შვილი, მორწმუნე, ჭკვიანი, ლამაზი, მდიდარი და დიდი ვაჟკაცი იყო. მან ისე გამოიჩინა თავი, რომ რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ თავის მხედარმთავრად დანიშნა. იმპერატორი დიოკლეტიანე ქრისტიანების მდევნელი იყო, რადგან ისინი მეფის კერპებს არ სცემდნენ თაყვანს.
წმიდა გიორგიმ ამის შესახებ, რომ გაიგო, ბევრი აღარ უფიქრია; გაყიდა თავისი მამული, ქონება ღარიბებს დაურიგა, მივიდა იმპერატორთან და მის წინაშე აღიარა, რომ თვითონაც ქრისტიანი იყო. დიოკლეტიანეს ძალიან გაუკვირდა წმიდა გიორგის ნათქვამი. იმპერატორმა დიდი ძალაუფლება და სიმდიდრე შესთავაზა მას, ქრისტიანობის სანაცვლოდ.
წმიდა გიორგიმ კი ამაზე ასე უპასუხა იმპერატორს: „ნეტავ შენც შეგეძლოს, ქრისტე ირწმუნო, მიხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი დროებითია, ქრისტე მარადიული მეფეა, მის სიყვარულს სხვა ვერაფერი შეედრება. ის მომანიჭებს დიდებასაც და გამარჯვებასაც.“ 
დიოკლეტიანე ძალიან განარისხა წმიდა გიორგის ნათქვამმა. იმპერატორმა მისი წამების ბრძანება გასცა. წმიდა გიორგი თოკზე ჩამოკიდეს და შუბი აძგერეს. თუმცა ასხლეტილი შუბი უკანვე გამობრუნდა, სისხლმა კი ცვარივით გამოჟონა. 

წმიდა გიორგის ბორბალზე წამების სცენა
სვანეთის ტაძრის ფრესკა
იმპერატორი ცდილობდა სხვადასხვა სასჯელითა და წამებით გაეტეხა წმიდანის რწმენა: საპყრობილეში ჩააგდო, ფეხზე ბორკილები დაადო, გულზე კი - უზარმაზარი ლოდი. შემდეგ მბრუნავ ბორბალზე გააკრა, რომელშიც ბასრი რკინები იყო ჩამატებული და მთელი სხეული დაუფლითა, ლურსმნებიანი სანდლები ჩააცვა და ისე ათრევინა. არც ეს იკმარა უსჯულო იმპერატორმა და შემდეგ მწარედ აცემინა მათრახით.
წმიდა გიორგი არ შეუშინებია ამ სასტიკ სასჯელებს. იგი მადლობდა უფალს ყველაფრისთვის, უფლის რწმენით, სიყვარულით ითმენდა ტანჯვა-წამებას და გამუდმებით ლოცულობდა. უფალიც არ ტოვებდა მის სათნომყოფელს, ეცხადებოდა და ამხნევებდა წმიდა გიორგის. მაცხოვარი ანგელოზს უგზავნიდა მას, რომელიც ჭრილობებს უმთელებდა წმიდა მოწამეს და ყველა განსაცდელისგან უვნებელი და ცოცხალი გამოჰყავდა. 
წმიდა გიორგი ქრისტეს ძალით უამრავ სასწაულს ახდენდა ყველას თვალწინ. მან თავისი ლოცვით უფლის წინაშე დიდი ხნის გარდაცვლილი მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმიდა გიორგი საპყრობილეში მასთან მისულ უამრავ ადამიანს ასწავლიდა ქრისტეს სარწმუნოებას.  
წმიდა გიორგის მტკიცე რწმენისა და ვაჟკაცობის შემხედვარე უამრავმა ადამიანმა, მათ შორის დიოკლეტიანეს მსახურებმა და თვით დედოფალმა ალექსანდრამაც კი ირწმუნა ქრისტე. გამძვინვარებული დიოკლეტიანე ყველას სიკვდილით სჯიდა. მხოლოდ მან ვერ შეძლო ქრისტეს სარწმუნოებისა და წმიდა გიორგის სიმართლის აღიარება. იმპერატორს იმდენად ჰქონდა გული ცოდვებით, ამპარტავნებითა და ბოროტებით სავსე, რომ იქ ქრისტესთვის ადგილი აღარ დაეტოვებინა.
303 წლის 6 მაისს (ახ.სტ.), პარასკევ დღეს წმიდა დიდმოწამე გიორგი მახვილით მოკლეს. თუმცა წმიდა გიორგი არ დამარცხებულა. უფალმა თავისი საყვარელი მარადიული მხედარი უდიდესი ძალით დააჯილდოვა, რითაც წმიდანი ყველა ქრისტეს მეგობარს უკვე საუკუნეების მანძილზე ეხმარება.
წმიდა გიორგი განსაკუთრებით უყვართ საქართველოში, სადაც მას მრავალი სასწაული მოუხდენია. ქართლის ცხოვრებაში აღწერილია, რომ დიდგორის ბრძოლისას წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის ლაშქართან ერთად თავად წმიდა გიორგი იბრძოდა.
გიორგობის დღესასწაულს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 23 ნოემბერს (ახ.სტ.) - წმიდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს და 6 მაისს (ახ.სტ.) - წმიდა გიორგის გარდაცვალების დღეს.

Monday, October 5, 2015


სვეტიცხოვლობა


სვეტიცხოველი ქართველების უპირველესი და უმთავრესი ტაძარია. ამ ტაძარში დამარხულია უდიდესი სიწმიდე - მაცხოვრის კვართი - სამოსელი. კვართი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხელით იყო ნაქსოვი და მას იესო ქრისტე მთელი ცხოვრების მანძილზე ატარებდა. ჯვარცმის შემდეგ, ქრისტეს კვართი წილად ერგო მცხეთიდან ჩასულ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს. მათ კვართი მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ეს ღვთის ნებით აღსრულდა, რადგან კვართთან ერთად საქართველოში მაცხოვრის მადლსა და ღვთაებრივ ძალას ჩამოეღწია. 

სვეტიცხოველი
მცხეთაში ჩამოსულ ელიოზს მისი და - სიდონია შეეგება. მან ძმისგან შეიტყო უფლის ჯვარცმის შესახებ. ტირილით ჩაიკრა კვართი გულში და იმდენად განიცადა მოსმენილი, რომ გარდაიცვალა. სიდონიას ისე ძლიერ ჰქონდა კვართი გულში ჩახუტებული, რომ ვერაფრით გამოართვეს და კვართთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას ცხოვრების შესახებ სხვა არაფერი ვიცით, მაგრამ ის წმიდანად არის შერაცხული, რადგან ქრისტესადმი სიყვარული მან თავისი სიკვდილით დაამტკიცა.
უფალმა ინება, რომ საქართველოში უდიდესი სიწმიდის, კვართის ჩამობრძანების გარდა, ქართველთა ქვეყანაში მისი სიტყვა წმიდა მოციქულებს - წმიდა ანდრია პირველწოდებულს, წმიდა სვიმეონ კანანელს და წმიდა მატათას ექადაგათ. 
წმიდა მოციქულთა ქადაგებიდან სამი საუკუნე იყო გასული, მაგრამ მაშინდელი ქართველები ჯერ კიდევ კერპებს სცემდნენ თაყვანს.

"საქართველოს დიდება"
კაბადოკიაში მცხოვრებმა 12 წლის მორწმუნე გოგონამ, ნინომ თავისი აღმზრდელისაგან შეიტყო, რომ იესოს კვართი ჩრდილოეთით მდებარე წარმართთა ქვეყანაში მოხვედრილა. ნინოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და აკურთხა თავის წილხვედრ ქვეყანაში წასულიყო საქადაგებლად. თან ვაზისგან საკუთარი ხელით გაკეთებული ჯვარი გადასცა.
ქართველების ქრისტეს სარწმუნოებაზე მომქცევი პატარა გოგონა ნინო შემდეგ მოციქულთასწორი წმიდანი გახდა. წმიდა ნინოს, ღვთის წყალობით, მოხდენილი მრავალი სასწაულის  შემდეგ ქრისტეს სარწმუნოებაზე მოექცნენ ქართლის მეფე მირიანი და დედოფალი ნანა. შემდეგ კი ეკლესიის აშენება გადაწყვიტეს.  
წმიდა ნინოს თანხმობით ტაძარი მეფის სასახლის ბაღში უნდა აეგოთ. ბაღში მდგარი ხეებისგან გამოკვეთეს შვიდი სვეტი. ექვსი სვეტი აღმართეს, მეშვიდე სვეტს კი ვერაფერი მოუხერხეს. ღამით წმიდა ნინომ თავის მოწაფე ქალწულებთან ერთად იხილა როგორ გადმოვიდა ზეციდან ანგელოზი და როგორ აამაღლა სვეტი მოჭრილი ხის ძირზე. ხის სვეტს ნათელი სვეტი დაადგა, რომელიც ზეცას სწვდებოდა. ეს ხე სიდონიას საფლავზე აღმოცენებული კვიპაროსი იყო. ეს იყო ადგილი, სადაც იესოს კვართი სამი საუკუნის მანძილზე საიდუმლოდ ინახებოდა. სვეტმა მრავალი სასწაული მოახდინა: მირონი სდიოდა, ავადმყოფებს კურნავდა, ბრმებს თვალს უხელდა, მკვდრებს აღადგენდა. ეს სვეტი იქცა ქრისტეს ძალისა და მადლის, ახალი სიცოცხლის მომნიჭებლად. ამიტომაც ამ სვეტს უწოდებენ სვეტი-ცხოველს, ანუ სიცოცხლის სვეტს.
ტაძარი საუკუნეების მანძილზე ახლად შენდებოდა, ფართოვდებოდა, მშვენდებოდა. სასწაულთმოქმედი სვეტი კი ტაძრის შუაგულში იდგა. შემდგომში თავად ტაძარს ეწოდა „სვეტი ცხოველი“. სვეტიცხოვლის ტაძრიდან მოეფინა მთელს საქართველოს უფლის სიცოცხლე და ნათელი.  
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს საქართველოს ეკლესია 14 ოქტომბერს (ახ. სტ.) აღნიშნავს. ამ დღეს იხსენიებს პირველ ქრისტიან მეფესა და დედოფალს მირიანსა და ნანას, ასევე წმიდა სიდონიას. 





მცხეთის ჯვრის გამოჩინების დღესასწაული

მცხეთის ჯვრის გამოჩინების დღესასწაული საეკლესიო კალენდრის მიხედვით სულთმოფენობის შემდეგ ოთშაბათს აღინიშნება. ის საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია, რომელიც ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანის დროსაა დაწესებული.
ამ დღესასწაულის წარმოშობა ღვთაებრივ სასწაულთან არის დაკავშირებული. საბერძნეთიდან ჩამობრძანებულმა მღვდლებმა მირიან მეფეს ჯვრის აღმართვა შესთავაზეს. ღამით მეფეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა, რომელმაც უჩვენა ადგილი მცხეთის მახლობლად, არაგვის მეორე მხარეს ბორცვი, რომელზეც ჯვარი უნდა აღმართულიყო.

წმიდა მეფე მირიანი, ფრესკა სვეტიცხოვლის ტაძარში
 ჯვრის აღმართვიდან მცირე დროის გასვლის შემდეგ, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს, დიდი სასწაული მოხდა - ნათლის სვეტი ჯვრის სახით დაადგა აღმართულ ჯვარს და თორმეტი ანგელოზი, თორმეტი ვარსკვლავის მსგავსად, გარშემო გვირგვინად შემოერტყა. ბორცვი კი, რომელზეც ჯვარი იყო აღმართული, კეთილსურნელებას აფრქვევდა.
რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ ახალი სასწაული გამოჩნდა პატიოსან ჯვართან. მზეზე ბევრად უბრწყინვალესი ცეცხლი ენთო ჯვრის თავზე და მისგან ძლიერად ატყორცნილი ნაპერწკლების მსგავსად, ანგელოზები გარდამოდიოდნენ. ქვეყანაზე ყოველივე იძვროდა, მთებს, ბორცვებსა და ღელეებს  ძლიერი სურნელი ასდიოდა და ცამდე აღწევდა. ისმოდა საოცარი ხმები. გაოცებული ხალხი შიშით შეჰყურებდა ყოველივეს, ღმერთს ადიდებდა და პატიოსან ჯვარს თაყვანს სცემდა.
ამის შემდეგ ცხოველსმყოფელ ჯვართან მრავალი სასწაული აღესრულებოდა: ავადმყოფები იკურნებოდნენ, ბრმებს თვალები ეხილებოდათ... პატიოსანი ჯვარი შორს მყოფ ადამიანებსაც ეწეოდა, თუკი ისინი რწმენით სთხოვდნენ დახმარებას და უღმერთოებსაც, რომლებიც შემდეგ ინათლებოდნენ.  





თავნი მოციქულთა - პეტრე და პავლე

12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. მათ მოციქულთა თავნი ანუ მეთაურები ეწოდებათ. 

წმიდა მოციქულთა თავნი პეტრე და პავლე
წმიდა პეტრე მოციქული უბრალო მეთევზე იყო. იგი სხვა მოციქულების მსგავსად უფალმა თავად გამოირჩია. წმიდა მოციქული უფალთან ურთიერთობითა და სიახლოვით უდიდეს სიბრძნეს ეზიარა. მან პირველმა აღიარა მაცხოვარი ღვთის ძედ. ამისთვის უფალი მას დაპირდა, რომ სასუფევლის კლიტეს ჩააბარებდა. წმიდა პეტრე მოციქულს გამორჩეულად უყვარდა მაცხოვარი, მუდამ თან დაჰყვებოდა მას, ხოლო როდესაც იესო ქრისტე ზეცად ამაღლდა, მისი მხურვალე მქადაგებელი გახდა.
წმიდა მოციქულის მადლმოსილმა ქადაგებამ ერთ დღეს 3000 კაცი გააქრისტიანა. რომის იმპერატორის ბრძანებით წმიდა პეტრე მოციქული ჯვარზე უნდა გაეკრათ, მან კი სიმდაბლით ითხოვა ჯვარზე თავდაღმა დაეკიდებინათ. წმიდა მოციქულმა თავი ღირსად არ მიიჩნია, რომ უფლის მსგავსად ეწამებინათ.
წმიდა პავლე მოციქული თავიდან ქრისტიანთა მოძულე, დაუძინებელი მტერი იყო. ადრე მას სავლე ერქვა. ერთხელ, როდესაც ქრისტიანების დასატყვევებლად მიდიოდა, გზად ზეციდან გარდამომავალი ნათელი იხილა. მიწაზე დაცემულ წმიდა მოციქულს ხმა ჩაესმა: „სავლე, სავლე, რატომ მდევნი მე?“
„ვინ ხარ, შენ უფალო?“ - ჰკითხა შეძრწუნებულმა სავლემ. ამ დროს კი პასუხად მოესმა: „მე ვარ იესო, რომელსაც დევნი შენ.“
სავლე დაბრმავდა და მხოლოდ ნათლობის შემდეგ აეხილა თვალები. მას ნათლობის შემდეგ პავლე ეწოდა. ამის შემდეგ ქრისტიანთა მდევნელი ქრისტეს მტკიცე აღმსარებელი გახდა. ქრისტეს არცერთ მოწაფეს არ დაუთმენია იმდენი ტანჯვა-წამება, რაც პავლე მოციქულმა დაითმინა. იგი წარმართებში ავრცელებდა ქრისტიანობას. საბოლოოდ, ქრისტიანთა მტრებმა წმიდა პავლე მოციქულს თავი მოჰკვეთეს. როდესაც ჯალათმა თავი მოჰკვეთა წმიდა მოციქულს, მას სისხლის ნაცვლად რძე გადმოუვიდა. ამ სასწაულის მხილველმა ადამიანებმა ადიდეს უფალი.