ჯოჯოხეთის წარმოტყვენვა

ჯოჯოხეთის წარმოტყვენვა

Friday, May 6, 2016


კვირაცხოვლობა - თომას კვირა


აღდგომის შემდეგ კვირას მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას ზეიმობს.
წმიდა თომა მოციქულის დარწმუნება, მე-12 საუკუნის მინიატურა
კვირაცხოვლობა არის აღდგომის დღესასწაულის განახლება. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. სწორედ ამიტომ ვიკრიბებით ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე. ძველი ქრისტიანები ყოველ კვირა დღეს ერთმანეთს სააღდგომო მისალმებით ხვდებოდნენ: „ქრისტე აღდგა!“ – „ჭეშმარიტად!“
კვირაცხოვლობას სხვაგვარად თომას კვირასაც უწოდებენ. სახარებაში აღწერილია, თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები. როდესაც ეს შეიტყო თომამ, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, გული დაწყდა და თქვა, ვიდრე ჩემი თვალით არ ვიხილავ იესო ქრისტეს, მანამ არ დავიჯერებ მის აღდგომასო.
აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ახლა უკვე თომას თანდასწრებით. მაცხოვარმა უჩვენა თომას თავისი ჭრილობები და იარებზე შეხების ნება დართო.
თომა მოციქული მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა იესოს და თქვა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი.“ იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულად აღიარა იესო ქრისტეს ღმრთაებრივი და კაცობრივი ბუნება.
მაცხოვარმა უპასუხა: „შენ იხილე და ირწმუნე, თომა. ნეტარ იქნებიან ისინი ვისაც არ უხილავს და იწამა.“
მაცხოვრის ეს სიტყვები გვეხება ჩვენ. მის შემდგომ ქრისტიანებს უფალმა ეს რწმენა და აღთქმული ნეტარება მოგვმადლა. ღვთისმოსავ ადამიანს წინ დიდი სიხარული ელის. ამ სიხარულის განცდას მით მეტად შევძლებთ, რაც უკეთ მოვემზადებით მის შესახვედრად მარხვითა და ლოცვით.   


Monday, May 2, 2016

ბრწყინვალე შვიდეული

აღდგომის დღესასწაული ერთი კვირის მანძილზე გრძელდება. ამ კვირას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება. მისი თითოეული დღე განსაკუთრებული სიხარულით არის აღსავსე.
ტრადიციულად ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ვიხსენიებთ მიცვალებულებს, გავდივართ საფლავებზე, მაგრამ ამჯერად ჩვენ მათ ვიხსენიებთ არა იმიტომ, რომ განშორება ვიგლოვოთ, არამედ იმიტომ, რომ ვახაროთ: „ქრისტე აღდგა! თავისი სიკვდილით დათრგუნა სიკვდილი და საფლავებსა შინა სიცოცხლე მიანიჭა!“
ასე რომ, თუ ადამიანს სწამს ღმერთი, სწამს, რომ ის აღდგა და სიკვდილი განაქარვა, მისთვის ამ სადღესასწაულო დღეებში მიცვალებულის დატირება და გლოვა დიდი ცოდვაა. განშორების მწუხარება, რომელიც მარად ჩვენს გულშია, ამ დღეს ძალზე თავშეკავებულად უნდა გამოიხატოს, რადგან მას ცვლის დიდი სულიერი სიხარული და განცდა კვლავ შეხვედრის უეჭველობისა.
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს, განსაკუთრებული წესით სრულდება საეკლესიო მსახურებები. იცვლება მისალმების წესიც: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას „გამარჯობას“ ნაცვლად ერთმანეთს ახარებენ: „ქრისტე აღდგა!“ – „ჭეშმარიტად!“

აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ დგას პატარა მაგიდა საგანგებოდ გამომცხვარი პურით, რომელსაც არტოსი ეწოდება. ამ სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსხვავებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს.
აღდგომის სწორს - კვირაცხოვლობას, არტოსი მცირე ნაწილებად დაიჭრება და მორწმუნეებს დაურიგდება. ჩვენ ეს ნაჭერი უფრო მცირე ნაწილებად უნდა დავყოთ და მთელი წელი ვიმყოფინოთ: ავადმყოფობის ან სხვა განსაცდელის ჟამს უნდა მივიღოთ, როგორც სულიერი წამალი საკურნებელად სულისა და ხორცისა. არტოსი უნდა შევინახოთ წმინდა ადგილას.



„მოველი აღდგომასა მკვდრეთით...“

 იესო ქრისტეს აღდგომა ყველაზე სასიხარულო ამბავია, რაც მთელს სამყაროში მომხდარა. 

ჯოჯოხეთის წარმოტყვენვა, ქუთაისის სახელწმიფო მუზეუმი
აღდგომამდე ყველა ადამიანი, მთელის სამყარო სიკვდილის სამეფოს ტყვე იყო. ქრისტემ კი თავისი ჯვარცმითა და აღდგომით დაამარცხა სიკვდილი და ამ საშინელი ბოროტი ძალისაგან გაგვათავისუფლა. როგორ განა ადამიანები აღარ კვდებიან? - იკითხავთ თქვენ. დიახ, ყველა ადამიანი ოდესღაც მაინც გაივლის სიკვდილის სამეფოს, მაგრამ ის აღარ არის მისი ტყვე, მისი მონა. მას შეუძლია თავი დააღწიოს ამ ბნელ სამეფოს, მას შეუძლია მკვდრეთით აღდგეს, რადგან ამ სამეფოს გალავანი და დახშული კარი ქრისტეს მიერ „დაირღვა“.
მართლმადიდებელ ეკლესიაში გვაქვს ხატი, სადაც მაცხოვარი სწორედ ჯოჯოხეთის შემტვრეულ კარზე დგას. ქრისტე მარტო არ არის, მას საფლავებიდან ადამი და ევა ამოჰყავს. აქვე არიან ძველი აღთქმის მართალი ადამიანები - მეფეები, წინასწარმეტყველები, მღვდემთავრები. ეს ნიშნავს, რომ ქრისტე მარტო თვითონ კი არ აღდგა, არამედ ჩვენც, ადამიანებს მოგვცა სიკვდილზე გამარჯვების ძალა.
ალბათ, იფიქრებთ - როგორ შეიძლება მართალი ადამიანები ჯოჯოხეთში მოხვედრილიყვნენ? ადამმა და ევამ უარი თქვეს ღმერთთან ერთად ცხოვრებაზე, ამიტომაც გაბატონდა მიწაზე სიკვდილის სამეფო - ჯოჯოხეთი (ჯოჯოხეთი არის უღმერთოდ ცხოვრება), სამოთხე, სასუფეველი (სასუფეველია იქ, სადაც ღმერთია; სადაც იესო ქრისტეა, იქ არის სინათლეც, სიკეთეცა და სიყვარულიც) კი დაიკეტა, ამიტომ ყველა გარდაცვლილი ადამიანი ქრისტეს აღდგომამდე ჯოჯოხეთში იმყოფებოდა და მოუთმენლად ელოდა იმ წუთს, როდესაც გაიღებოდა სამოთხის კარი მათთვის.

ხატზე ადამსა და ევას ხელები ქრისტესაკენ აღუპყრიათ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ინანიებენ თავიანთ ცოდვას და მხოლოდ უფლისაგან ელიან პატიებას, შველას. იმისათვის, რომ ღმერთმა აღგვადგინოს, საჭიროა არა მხოლოდ ქრისტეს მოწყალება და სიყვარული ჩვენდამი, არამედ ჩვენი სინანული ჩვენივე ცუდ საქციელთა გამო.

წმიდა მენელსაცხებლე დედები უფლის საფლავთან
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
 სხვა ხატზე გამოსახულია ქრისტეს საფლავი. სამარხთან უფლის მოწაფე ქალები მოსულან. ისინი არ შეუშინდნენ საფლავის მცველ ჯარისკაცებს, არ შეუშინდნენ შეპყრობას და ნელსაცხებლები, ანუ სურნელოვანი ზეთები მიიტანეს, რათა ძველი წესის მიხედვით, თავიანთი გარდაცვლილი მოძღვრისთვის ეცხოთ. იქვე ქრისტეს აკლდამიდან გადაგორებულ ლოდზე ანგელოზი დახვდათ. ანგელოზი მენელსაცხებლე დედებს (ეკლესიაში ასე უწოდებენ ხატზე გამოსახულ ამ ქალებს) მიანიშნებს, რომ საფლავი ცარიელია და ახარებს, რომ ქრისტე მკვდრეთით აღდგა.
ქრისტეს აღდგომა არავის უნახავს. ადამიანის თვალი ვერ აღწევს უზარმაზარი ლოდით ჩაგმანულ კლდის სამარხში, სადაც ჯვარცმის შემდეგ დაასვენეს ქრისტე. ადამიანის გონებას არ შეუძლია, გაიგოს, როგორ მოხდა აღდგომის უდიდესი საიდუმლო. თუმცა ის, რაც თვალსა და გონებას არ ძალუძს, ადამიანის გულს შეუძლია. ჩვენ ათასწლეულების შემდეგაც კი გულით განვიცდით სიხარულს იმისა, რომ ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა!